ფინეთის პრეზიდენტი: რუსეთს არ სურს ამ ომის დასრულება, რადგან ეს პუტინს ძალიან ძვირი დაუჯდება
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ ომის დასრულება კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს „ძალიან ძვირი“ დაუჯდება და შესაბამისად, რუსეთს ამის გაკეთება არ სურს. ამის შესახებ მან დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა.
სტუბის თქმით, პუტინმა ვერ შეძლო ყველა მისი სტრატეგიული მიზნის განხორციელება.
„პირველ რიგში, მას სურდა უკრაინის მიტაცება და მისი რუსეთად გადაქცევა - ვერ შეძლო. მეორეც, მას სურდა ნატოს გაფართოების თავიდან აცილება. ამის ნაცვლად, მან ალიანსში ორი მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა მიიღო და ფინეთის გაწევრიანების შემდეგ ნატოსთან საზღვარი გააორმაგა“, - აღნიშნა მან.
ფინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო 1000 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მაქსიმუმ 1%-ით წაიწია წინ.
„დღეს ამის ფასი დღეში 1000 დაღუპული ჯარისკაცია. ეს დაახლოებით 30 000-ია თვეში. ჩვენ კონკრეტულად დაღუპულებზე ვსაუბრობთ და არა დაჭრილებზე და ეს რუსეთის მხარესაა“, - აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის ეკონომიკაც ზარალდება.
„არ ვფიქრობ, რომ არგუმენტი, რომ რუსეთს არ სურს ომის დასრულება, რადგან სჯერა, რომ შეუძლია თავისი მიზნების მიღწევა, სწორია. ვფიქრობ, რუსეთს არ სურს ამ ომის დასრულება, რადგან პუტინს მისი დასრულება ძალიან ძვირი უჯდება. ის ვერ შეძლებს რუსი ჯარისკაცებისთვის გადახდას. ასე რომ, დიდი დილემა, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, არის ის, თუ როგორ დავარწმუნოთ რუსეთი, დაასრულოს ეს ომი“, - განაცხადა სტუბმა.
მისი აზრით, ევროპას მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლია: გააგრძელოს უკრაინისთვის ყველაფრის მიწოდება და ასევე გააძლიეროს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა.