ფინეთის პრეზიდენტი მზადაა, პალესტინის აღიარებას მხარი დაუჭიროს, თუ მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ მზადაა, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება დაამტკიცოს, თუ მთავრობა ასეთ წინადადებას წარადგენს.
ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა და კანადამ, სექტემბერში გაეროს მე-80 გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების პირობა დადეს.
„საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის გადაწყვეტილებები აძლიერებს პალესტინის აღიარების ტენდენციას, როგორც სამშვიდობო პროცესისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვის ძალისხმევის ნაწილს“, - წერს სტუბი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ფინეთის პრეზიდენტი შეზღუდული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კოორდინაციას უწყობს ხელს.
„თუ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების წინადადებას მივიღებ, მზად ვარ, ის დავამტკიცო“, - აღნიშნა სტუბმა და ღაზაში არსებული „არაადამიანური“ სიტუაცია დაგმო.
მისივე თქმით, ესმის, რომ ფინელებს „პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და რომ შეშფოთებაც არსებობს“, ამიტომ „ღია“ და „გულწრფელი“ დებატები მნიშვნელოვანია.
ფინეთის ულტრამემარჯვენე პარტია და ქრისტიან-დემოკრატები პალესტინის სახელმწიფოს აღიარების წინააღმდეგნი არიან.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ კიდევ ერთხელ გაიმეორა ჰელსინკის მხარდაჭერა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის მიმართ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მზადაა თუ არა მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის.
მისი თქმით, პრეზიდენტთან საგარეო პოლიტიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე დისკუსიები სექტემბრის ბოლოს დაგეგმილ გაეროს კონფერენციამდე გაგრძელდება.