Loading data...
ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა და ევროპელმა მოკავშირეებმა, ბოლოდროინდელი კორუფციული სკანდალის მიუხედავად, კიევის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ. ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დიდად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის, ან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მიმართ, სულ მცირე წელს“, - განაცხადა სტუბმა.

მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროპელმა ლიდერებმა უნდა გააძლიერონ ზეწოლა რუსეთსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე, რათა მან თავისი სტრატეგიული აზროვნება შეცვალოს.

„პუტინს არსებითად სურს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უარყოფა და ეს მიზნები თითქმის ოთხი წლის წინ ომის დაწყებიდან არ შეცვლილა“, - ხაზგასმით აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

სტუბმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის გზაზე სამი მთავარი საკითხია: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მისი ეკონომიკის აღდგენა და „ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით გარკვეული ურთიერთგაგების“ მიღწევა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სწრაფად უნდა უპასუხოს ქრთამის აღებისა და მითვისების ბრალდებებს“.

მისი თქმით, სკანდალი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს. მიუხედავად ამისა, მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, განიხილონ კიევის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა.