Loading data...
ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინა ნატოს წევრი მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ გახდება

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი მიიჩნევს, რომ უკრაინა ჯერ ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ სტუბმა ჰელსინკის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, იუწყება European Pravda.

ფინეთის პრეზიდენტს ჰკითხეს, რეალისტურია თუ არა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანების მიწვევას წლის ბოლომდე მიიღებს.

„წლის ბოლომდე, ვფიქრობ, არარეალურია“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ უკრაინის ნატოში მიწვევას გრძელვადიან პერსპექტივაში რეალისტურად მიიჩნევს.

„ვფიქრობ, თანმიმდევრობა ასეთია: პირველი - ევროკავშირში გაწევრიანება, მეორე - ნატოში გაწევრიანება“, - დასძინა მან.

სტუბის თქმით, ჯერ უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებები გაფორმდება, რომელიც დღეის მდგომარეობით 20-ზე მეტ ქვეყანასთან გაფორმდა, შემდეგ უკრაინამ უნდა შეათანხმოს უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიები ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ან საფრანგეთი, რის შემდეგაც უკრაინა შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ის ნატოს წევრი.

ამასთან, სტუბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, თუმცა ამისთვის შესაფერისი დრო უნდა არსებობდეს. 

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატოს წევრი. ეს მოხდება, ეს თანმიმდევრული პროცესია. რუსეთს სურს, მის საზღვრებთან ნატოს მიახლოება ნებისმიერ ფასად აიცილოს თავიდან. მათ მიიღეს ფინეთი, მიიღებენ უკრაინასაც და ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება სურს“, - განაცხადა ალექსანდრე სტუბმა.

სტუბმა უარყო მოსაზრება, რომ რუსეთი ომის გზით შეძლებს, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს, რადგან, მისი თქმით, ომი ადრე თუ გვიან მაინც დამთავრდება.