Loading data...
ფინეთის პრეზიდენტი ევროპას მოუწოდებს, მოსკოვთან საკუთარი საკომუნიკაციო არხები ღია შეინარჩუნოს

თუ აშშ-ის მიერ რუსეთის მიმართ გატარებული პოლიტიკა ევროპის ინტერესებს არ ემსახურება, ევროპამ მოსკოვთან დიალოგის საკუთარი არხები ღია უნდა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველაფერი, რა თქმა უნდა, იწყება კითხვით: ემსახურება თუ არა აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ევროპის ინტერესებს? თუ ის პირდაპირ არ ემსახურება ევროპულ ინტერესებს, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ დიალოგის არხები ღია შეინარჩუნოს“, - აღნიშნა მან ფინურ გაზეთთან Ilta-Sanomat-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთთან კომუნიკაცია გარკვეულ დონეზე უკვე მიმდინარეობს, მათ შორის ფინეთსა და რუსეთს შორის, ხოლო მომავალში დიალოგის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი, შესაძლოა, რუსეთის მოსაზღვრე ევროპულმა ქვეყნებმა შეასრულონ. როგორც მეზობელი ქვეყანა, ფინეთი ინარჩუნებს დიალოგს რუსეთთან. ორ ქვეყანას, ასევე, აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რომლის ფარგლებშიც მათი საგარეო საქმეთა სამინისტროები და საელჩოები ურთიერთქმედებენ მოსკოვსა და ჰელსინკიში.

„მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გარკვეულ მომენტში ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და აქ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან როლს ის ქვეყნები შეასრულებენ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან“, - დასძინა ფინეთის პრეზიდენტმა.