Loading data...
ფინეთის პრეზიდენტი - დადგება დრო, როცა რუსეთთან კომუნიკაციის არხები უნდა გავხსნათ, მაგრამ კითხვებია, როდის, ვინ გააკეთებს? ეს უნდა გაკეთდეს კოლექტიურად

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ეთანხმება ესტონეთის პრეზიდენტის ალარ კარისის პოზიციას, რომ ევროპას მომავალში მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა დასჭირდება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ფინეთისა და ესტონეთის ლიდერებს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინათ ალარ კარისის ბოლოდროინდელ განცხადებებზე რუსეთთან დიალოგის შესაძლო განახლების შესახებ.

„ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენ წინაშე ომის დაწყებიდანვე დგას, თუმცა, შესაძლოა, კიდევ უფრო სერიოზულად - ბოლო ორი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა სტუბმა.

„დიახ, არც „მსურველთა კოალიციაში“ და არც სხვაგან არ მიმდინარეობს საუბარი იმაზე, თუ ვინ, როდის, სად და როგორ უნდა დაიწყოს რუსეთთან ლაპარაკი. ამჟამად ეს როლი აშშ-ს გვაქვს დელეგირებული, ხოლო ირანთან ომის გამო ეს საუბარი ახლა მიწყნარდა. ამიტომ, სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ კარისს იმაში, რომ დადგება დრო, როდესაც რუსეთთან კომუნიკაციის არხები უნდა გავხსნათ. თუმცა საკითხავია როდის - ომის დასრულებამდე თუ მის შემდეგ? კიდევ უფრო დიდი კითხვაა - ვინ გააკეთებს ამას და როგორი იქნება მისი მანდატი“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

„ჩემი აზრით, ეს კოლექტიურად და განსაზღვრული მანდატით უნდა გაკეთდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ისე, რომ ევროპაში არავინ დაიწყოს ეს დამოუკიდებლად. ჩვენ უკვე ვნახეთ მსგავსი მცდელობები და, როგორც წესი, ეს არ ამართლებს“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

სტუბმა დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება რუსეთში მომავალში, ის იყო, არის და დარჩება ფინეთისა და ესტონეთის მეზობლად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობები ვეღარ იქნება ისეთივე, როგორიც მოსკოვის მიერ განხორციელებული აგრესიის აქტების სერიამდე იყო.

„ეს იქნება სხვაგვარი ურთიერთობა. თუმცა რაღაც სახის ურთიერთობა მაინც იქნება, რადგან მეზობლებისთვის ეს აუცილებელია“, - დაასკვნა მან.