ფინეთი აცხადებს, სად განალაგებს რუსეთი ჯარებს, თუ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერს ხელს
რუსეთი თავის ჯარებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე განათავსებს, თუ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ და მოუწოდა ევროპას, გამოყოს მეტი თანხები ფრონტის ხაზზე მყოფი ქვეყნების თავდაცვისთვის. იტყობინება Financial Times.
„ჩვენ ვიცით, რომ მაშინაც კი, როდესაც უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რუსეთი კვლავ საფრთხედ დარჩება. აშკარაა, რომ ისინი თავიანთ სამხედრო ძალებს ჩვენს საზღვართან და ბალტიისპირეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაიყვანენ. ცხადია, რომ [ბრიუსელისგან] ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდება“, - განაცხადა ორპომ გამოცემასთან ინტერვიუში.
FT-ის ცნობით, 16 დეკემბერს, მინისტრი სამიტს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რვა ქვეყანა, რომლებსაც რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსთან საზღვაო ან სახმელეთო საზღვარი აქვთ.
„სახელმწიფოები შეეცდებიან ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების კოორდინაციას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, დრონები და სახმელეთო ძალები. ნატოს რამდენიმე ქვეყანამ გააფრთხილა, რომ რუსეთი მზად იქნება სერიოზული დაპირისპირებისთვის დასავლურ სამხედრო ალიანსთან უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან სამიდან ხუთ წლამდე“, - ხაზგასმულია მასალაში.
როგორც მედია წერს, კერძოდ, ესტონეთი, ლიეტუვა და პოლონეთი მომავალ წელს თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ზე მეტის დახარჯვას აპირებენ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დადგენილ ხარჯვის სამიზნე მაჩვენებელს, ხოლო სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოებიც ზრდიან სამხედრო ხარჯებს.
ორპოს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპა თავდაცვისთვის მზად იყოს, რადგან აშშ კონტინენტიდან გასვლას იწყებს.
„ჩვენ ვიცით, რომ აშშ შეამცირებს მხარდაჭერას და მონაწილეობას ევროპის დაცვაში, რადგან მას უსაფრთხოების მრავალი სხვა პრობლემა აქვს“, - აღნიშნა მან.
გამოცემამ გაიხსენა, რომ ფინეთი ევროპაში ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელმაც რუსეთის მიმართ სიფხიზლე არ შეამცირა. თუმცა, ის, ასევე, განიცდის ეკონომიკურ რეცესიას, რაც აიძულებს მთავრობას, სწრაფად მზარდი ვალის გამო შეამციროს სახელმწიფო ხარჯები.
„ჩვენი ეკონომიკა ამჟამად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამოა“, - დასძინა ორპომ.