ფაშინიანი მოუწოდებს რუსეთს, რომ სომხეთის რკინიგზაზე კონცესია მესამე ქვეყანას გადასცეს
სომხეთი დაკარგავს მსოფლიო სარკინიგზო სისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობას, თუ სომხეთის რკინიგზის მართვა კვლავ რუსეთის ხელში დარჩება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მან მოუწოდა რუსეთს, რომ სომხეთის რკინიგზაზე კონცესია მესამე ქვეყანას მიჰყიდოს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
„იმის გამო, რომ სომხეთის რკინიგზას რუსეთი მართავს, მის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს. ჩვენ ვკარგავთ ისტორიულ შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო სარკინიგზო ქსელებში სომხეთის რკინიგზის ინტეგრაცია მოხდეს“, - განაცხადა ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, სომხეთმა არ უნდა დაუშვას და ეს შანსი არ უნდა დაკარგოს.
„მოვიწოდებთ რუს კოლეგებს, რომ მოქნილი პოზიცია გამოიჩინონ და კონცესიის უფლება მესამე ქვეყანას მიჰყიდოს, რომელიც სომხეთისთვისაც იქნება მისაღები და რუსეთისთვისაც“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სურს ეს საკითხი მოსკოვთან მეგობრულ ატმოსფეროში გადაწყდეს. „ჩვენ რუსეთთან და მის ინტერესებთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ დღეს არსებული სიტუაცია ჩვენი რკინიგზის საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელში ინტეგრაციის პროცესს აფერხებს. ამის გამო ის, ვისაც რკინიგზა სჭირდება, სხვა გზებს ეძებს, რომლებიც სომხეთს გვერდს უვლის“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთში მოქმედი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ არის „რუსეთის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია. ეს კომპანია შეიქმნა კონცესიური შეთანხმების შედეგად, რომელიც რუსეთის რკინიგზასა და სომხეთს შორის 2008 წელს გაფორმდა. შეთანხმება 30 წლით იყო გაფორმებული და არსებობს 10 წლით მისი გაგრძელების შესაძლებლობა.