პეტრო პოროშენკო: უკრაინის მიწა არანაირ ფასად არ იყიდება, უკრაინა არასდროს დაბრუნდება რუსეთის კოლონიად
უკრაინას სჭირდება ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ერთიანობა, რათა გადარჩეს, ხოლო უკრაინის მიწა არანაირ ფასად არ იყიდება, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
პეტრო პოროშენკო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტი 2014-2019 წლებში იყო აცხადებს, რომ უკრაინა არასდროს დაბრუნდება რუსეთის კოლონიად.
მისი თქმით, ასევე, შეუძლებელია კომპრომისზე წასვლა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეზღუდვის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
კონკრეტულად ტრამპთან დაკავშირებით, პოროშენკომ აღნიშნა, რომ ქვეყანა წლების განმავლობაში კარგად თანამშრომლობდა აშშ-ის პრეზიდენტთან და შეაქო იგი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის, თუმცა მან დასძინა, რომ უკრაინისა და ნატოს შესახებ მოლაპარაკებებში თვითონ უკრაინა უნდა იყოს ჩართული.
მან დასძინა, რომ მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯი კვლავ ცეცხლის შეწყვეტაა.
„პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა. ვერავინ იქნება ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგი, ხოლო რუსეთს ესმის მხოლოდ ერთი ენა – ეს არ არის რუსული, არამედ ძალის ენა“, - განაცხადა პოროშენკომ.
პოროშენკოს, ასევე, ჰკითხა უკრაინაში მომხდარი სკანდალის შესახებ, რაზეც ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არავისთვის არის საიდუმლო, რომ მას ამჟამინდელი ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი არ მოსწონს.
„მხოლოდ შიდა ერთიანობას შეუძლია ჩვენი ერის გადარჩენა. მხოლოდ საერთაშორისო ერთიანობას შეუძლია ჩვენი ერის გადარჩენა“, - დასძინა პოროშენკომ.