Loading data...
პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, უკრაინა ამჟამად ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის. მისი თქმით, გაწევრიანების პროცესი საერთო წესების მკაცრი დაცვით უნდა წარიმართოს და ყოველგვარი დაჩქარებული პროცედურები დაუშვებელია.

„უკრაინა, ქვეყანა, რომელიც ომში იმყოფება, აშკარად არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად - მიუხედავად იმისა, თუ რას ჰპირდებიან მას ევროკავშირის თუ წევრი ქვეყნების ლიდერები“, - აღნიშნა მადიარმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ლიდერები ცდებიან, როდესაც კიევს დაჩქარებულ გაწევრიანებას ჰპირდებიან. მადიარის თქმით, მსგავსი ილუზიური დაპირებების გაცემა „ორმაგი თამაშია“, ხოლო გაფართოების პროცესი მხოლოდ ქვეყნის რეალური მიღწევებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიხედვით უნდა შეფასდეს.

მან მაგალითად სერბეთი მოიყვანა, რომელმაც მოლაპარაკებები 15 წლის წინ დაიწყო, თუმცა პროცესი დღემდე ნელა მიმდინარეობს.

ამასთან, მადიარმა აღნიშნა, რომ უნგრული მხარე უკრაინაში მცხოვრები უმცირესობების ენობრივი, საგანმანათლებლო და კულტურული უფლებების აღდგენას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ კიევი ამ პირობებს დათანხმდა, მადიარის განცხადებით, შეთანხმების პრაქტიკული შესრულება ამ დრომდე არ დაწყებულა.

ცნობისთვის, ბუდაპეშტმა ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნაზე უარი თქვა.