პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, თუ ორი ქვეყანა უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის ძირითად უფლებებზე შეთანხმდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მომავალი კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა იმ შემთხვევაში, თუ ორი ქვეყანა უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის ძირითად უფლებებზე შეთანხმდება.
პეტერ მადიარმა დაადასტურა, რომ უნგრეთსა და უკრაინას შორის გრძელდება მოლაპარაკებები - ჯერჯერობით ტექნიკურ დონეზე - უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის ენობრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებთან დაკავშირებით.
„ამჟამად ეს მოლაპარაკებები ძალიან იმედის მომცემად მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ მათი ტექნიკურ დონეზე დასრულება უკვე ამ კვირაში მოხერხდება“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მადიარმა განაცხადა, რომ მზად არის, მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თუკი მათ უნგრული უმცირესობის ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმების მიღწევა შეეძლებათ.
„უმცირესობისთვის საკუთარი მშობლიური ენის გამოყენება საბავშვო ბაღში, სკოლაში, ადმინისტრაციაში თუ საკუთარი კულტურული უფლებების დაცვა - ეს არ არის რაღაც დამატებითი. ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სურს, პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს“, - განაცხადა მადიარმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი უკრაინასთან არსებული ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობის მიმართ, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია გრძელდება.
„ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცელი გადავშალოთ უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობებში“, - დასძინა მან.