პეტერ მადიარი აცხადებს, რომ კიევმა და ბუდაპეშტმა უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით უკრაინასთან შეთანხმებას მიაღწია, რამაც შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე გავლენა იქონიოს. შესაბამის განცხადებას უნგრეთის მთავრობის მეთაური Facebook-ზე აქვეყნებს.
მადიარის ცნობით, რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კიევმა და ბუდაპეშტმა მიაღწიეს ყოვლისმომცველ შეთანხმებას ზაკარპატიაში უნგრული თემის ენობრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გაფართოების შესახებ.
„სამ კვირაში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც [უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა] ვიქტორ ორბანმა და მისმა გუნდმა 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ უკრაინელი და უნგრელი ექსპერტები, უნგრული უმცირესობის პოლიტიკური ორგანიზაციებისა და ეკლესიის წარმომადგენლები.
მადიარმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა დათანხმდა შეთანხმებული ცვლილებების კანონმდებლობაში უახლოეს მომავალში შეტანას. მისი თქმით, ეს უნგრულ თემს საშუალებას მისცემს, უფრო ფართო უფლებები მოიპოვოს განათლების, კულტურის, ენის გამოყენებისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის სფეროებში.
„უკრაინის ვალდებულებები ასევე აისახება სამოქმედო გეგმაში, რომელიც უკრაინამ ევროკავშირის წინაშე უნდა შეასრულოს. თუ ეს მოხდება, უნგრეთის მთავრობა დათანხმდება უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას“, - დასძინა უნგრეთის ლიდერმა.
ამავდროულად, მადიარმა აღნიშნა, რომ უნგრეთი კვლავ არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას.
მისი თქმით, თუ უკრაინა შეძლებს წევრობისთვის საჭირო მოლაპარაკებების 33 პუნქტის დახურვას, უნგრეთი გეგმავს, ასეთი გადაწყვეტილების მხარდასაჭერად იურიდიულად სავალდებულო რეფერენდუმი ჩაატაროს.
„თუ უკრაინა 10, ან 15 წლის განმავლობაში შეძლებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 33-ვე პუნქტის დახურვას, ჩვენი ქვეყანა ამ საკითხზე იურიდიულად სავალდებულო რეფერენდუმს ჩაატარებს“, - დაასკვნა მან.