პესკოვმა უკრაინასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდში რუსული დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება. რუსულ დელეგაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს.
კრემლის პრესმდივნის თქმით, აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა უცვლელი რჩება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციაში შედიოდნენ რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი (რუსეთის მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელი) და პუტინის წარმომადგენელი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.
რუსეთის ფედერაციას ასევე წარმოადგენდნენ რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს საინფორმაციო დირექტორატის უფროსის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზორინი და თარჯიმანი ილია კურეპოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლინგვისტური ცენტრის თანამშრომელი.