Loading data...
პესკოვმა „ტელეგრამის“ მფლობელ პაველ დუროვს მოუწოდა, მოსკოვის ტერაქტის შემდეგ უფრო ყურადღებით იყოს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „ტელეგრამის“ მფლობელ პაველ დუროვს მოუწოდა, მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შემდეგ უფრო ყურადღებით იყოს, რადგან ის ტერორისტული მიზნებისთვის გამოსაყენებელ იარაღად იქცევა. 

პესკოვის თქმით, რუსეთში „ტელეგრამის“ დაბლოკვას არავინ აპირებს, მაგრამ ეს მოითხოვს დიდ ყურადღებას, მათ შორის დუროვისგან.

„რა თქმა უნდა, პაველ დუროვისგან მეტ ყურადღებას ველოდებოდით... ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ეს უნიკალური და ფენომენალური რესურსი, რომელიც ჩვენი თაობის თვალწინ განვითარდა, ტერორისტების მიერ ტერორისტული მიზნებისთვის გამოსაყენებელ იარაღად იქცევა“, - აღნიშნა პესკოვმა. 

მარტის დასაწყისში Telegram-ის შემქმნელმა პაველ დუროვმა Financial Times-თან საუბრისას თქვა, რომ „ტელეგრამი“ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი მსოფლიოში და მომხმარებელთა რაოდენობამ 900 მილიონ ადამიანს მიაღწია.

დუროვმა ასევე უარყო ბრალდებები, რომ რუსეთის ხელისუფლებას ტელეგრამზე ბერკეტები აქვს.

შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 11 პირია დაკავებული.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თავდამსხმელებს უკრაინა უჭერდა მხარს.

28 მარტის მონაცემებით, დაღუპულია 143 ადამიანი.