პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ევროპას გაზი მიჰყიდოს
რუსეთი ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გაგრძელებას განიხილავს, თუმცა გარკვეული პირობებით, - იუწყება „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გაზის საკითხთან დაკავშირებით მოსკოვის პრიორიტეტები ახლა შეიცვალა. მისი თქმით, ევროკავშირში ექსპორტი ახლა სხვა მარშრუტების ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული.
„რუსეთი მზადაა გააგრძელოს ევროკავშირისთვის გაზის მიწოდება, თუ ალტერნატიული ბაზრებისთვის მიწოდების შემდეგ მოცულობები დარჩება“, - ციტირებს რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS პესკოვის სიტყვებს.
ამავდროულად, კრემლი აღიარებს, რომ ევროპული ბაზარი ცარიელი არ დარჩება რუსული რესურსების სრული არარსებობის შემთხვევაშიც კი.
„ევროპა იპოვის გზას, რომ გაზი შეიძინოს მაშინაც კი, თუ რუსეთი მას არ მიაწვდის“,- განაცხადა პესკოვმა.