Loading data...
პესკოვი: ჟენევაში მოლაპარაკების დროს უკრაინაში ტერიტორიების საკითხი იქნება განხილული

ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებაზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალი უფრო ფართო იქნება, ვიდრე აბუ-დაბიში გამართული წინა კონსულტაციების დრო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

მისი თქმით, სწორედ ამით არის გამოწვეული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი იქნება.

„მოდით გავიხსენოთ პუტინის განცხადება, რომელიც არაერთხელ გაუკეთებია, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი არის მედინსკი. ეს განცხადება პუტინმა აბუ-დაბის მოლაპარაკების პირველ რაუნდამდე და შემდეგაც გააკეთა. მედინსკი ყოველთვის იყო ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, აბუ-დაბის მოლაპარაკებას მედინსკი არ ესწრებოდა, რადგანაც იქ საუბარი უსაფრთხოების საკითხებზე და ისეთ თემებზე მიდიოდა, რომლებიც უშუალოდ სამხედროებს ეხებოდა. ამიტომ რუსეთის დელეგაციას გენერალი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობდა და ჯგუფი სამხედროებისგან შედგებოდა.

„ამჯერად საკითხთა უფრო ფართო სპექტრი იქნება განხილული, მათ შორის არის საკითხები, რომლებიც ტერიტორიებს და სხვა თემებს ეხებათ. აქ უკვე მედინსკის მონაწილეობაა აუცილებელი“, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.

პესკოვის თქმით, დელეგაციაში იგორ კოსტიუკოვიც შევა და ასევე მასში წარმოდგენილი იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი.

რუსეთ-უკრაინა-აშშ-ის მოლაპარაკება ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართება. უკრაინის დელეგაციას ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის უფროსი, კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს, აშშ-ის დელეგაციას კი - ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი.