პესკოვი: ზელენსკიმ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა მივაღწიოთ მშვიდობას და არა ზავს
ზელენსკიმ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა მივაღწიოთ მშვიდობას და არა ზავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ზელენსკის მიერ წაკითხული განცხადებებიდან გამომდინარე, სააღდგომო ზავის მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინიციატივა ვერ დავინახეთ. მან, როგორც ყოველთვის, ისაუბრა მზადყოფნაზე და სურვილზე, დაეთანხმოს ნებისმიერ სახის, თუნდაც სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტას.
კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს: ზელენსკიმ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა მივაღწიოთ მშვიდობას და არა ზავს. ცხადია, კიევის რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტა.
ფრონტის ხაზზე მიმდინარე დინამიკა, რომელსაც, სხვათა შორის, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ უცხოელი სპეციალისტებიც აკვირდებიან, მიუთითებს, რომ რუსული ჯარები მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ - ზოგან უფრო სწრაფად, ზოგან უფრო ნელა - მიიწევენ წინ“, - აღნიშნა პესკოვმა.