პესკოვი: რუსული მხარე პუტინისა და ტრამპის ალასკაში შეხვედრის შემდეგ რაიმე დოკუმენტის, ან შეთანხმების ხელმოწერას არ გეგმავს

რუსული მხარე ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ალასკაში შეხვედრის შემდეგ რაიმე დოკუმენტის, ან შეთანხმების ხელმოწერას არ გეგმავს. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილება „უკრაინული კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები“.
„პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ტრამპი აპირებენ საუბარს, ისინი მზად არიან სასაუბროდ და განიხილავენ ყველაზე რთულ საკითხებს“, - თქვა მან.
ამავდროულად, პესკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე დოკუმენტების ხელმოწერა არ არის მოსალოდნელი, თუმცა პუტინი პრესკონფერენციაზე განცხადებებს გააკეთებს.
„არაფერია მოსალოდნელი. არაფერი მომზადებულა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე დოკუმენტი იქნება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, პუტინი გამოკვეთს იმ შეთანხმებებსა და ურთიერთგაგებებს, რომელთა მიღწევაც შესაძლებელია“, - აღნიშნა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომი „რთული და მრავალმხრივი სუბსტანციაა“ და რომ „სავარაუდოდ, ევროპელებისგან ადეკვატურ პასუხს ვერ მიიღებენ“.
ასევე, კითხვაზე, გაითვალისწინებენ თუ არა შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციას, პესკოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დისკუსია რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობს და უკრაინულ მხარესთან განხილვა „შემდგომ ეტაპებს ეხება“.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა, რომ რუსულ მხარეს „აქვს არგუმენტები, მკაფიო, გასაგები პოზიცია“ და ის წარმოდგენილი იქნება ალასკაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. მან დასძინა, რომ ტრამპის სპეცწარმომადგენლის სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტების დროს ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ გაკეთდა და იმედოვნებს, რომ „ეს ძალიან სასარგებლო საუბარი“ გაგრძელდება.