Loading data...
პესკოვი: რუსეთი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის წარმომადგენლებთან კონტაქტებს განაგრძობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის ომის დასრულების მიზნით გამართული მოლაპარაკებების შესახებ „ინფორმირებულია“.

„რუსეთი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის წარმომადგენლებთან კონტაქტებს განაგრძობს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება ვაშინგტონისა და კიევის მოლაპარაკებებში.

ცნობისთვის, 21-22 მარტს მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა, რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 მარტს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებათა ჯგუფის ვიზიტის შემდეგ სამშვიდობო პროცესში რეალური პროგრესი არ ყოფილა. მისი თქმით, ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან ომის მოგვარების სურვილის არქონაა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობის მნიშვნელობას დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლებაში, რათა მოსკოვს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება აიძულონ.