Loading data...
პესკოვი: ბერლინს მოსკოვთან საუბარი ჯერ არ მოუთხოვია

გერმანულ მხარეს ჯერ არ მოუთხოვია სატელეფონო საუბრის გამართვა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. ამის შესახებ კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, წერს Deutsche Welle. 

ერთი დღით ადრე გერმანული გაზეთი Die Zeit-ი გერმანიის მთავრობის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესაძლებლობას განიხილავდა. გამოცემის ცნობით, ამ საუბრის გამართვა დაგეგმილია ნოემბერში ბრაზილიაში დაგეგმილი G20-ის სამიტის წინა დღეს, მაგრამ ბერლინს მოსკოვისთვის ოფიციალური მოთხოვნით არ მიუმართავს.

„კანცლერმა არაერთხელ თქვა, რომ შესაფერის მომენტში ის კვლავ დაელაპარაკება პუტინს ტელეფონით. ამ დროისთვის ვერ გეტყვით კონკრეტულ გეგმებზე მსგავსი საუბრის შესახებ“, - განუცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა TASS-ის ჟურნალისტს 1 ოქტომბერს.

დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი „იყო და რჩება აბსოლუტურად ღია დიალოგისთვის“. მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერს შორის 2022 წლის დეკემბერში გამართული ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ, მათ შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის ბოლო პირისპირ მოლაპარაკება იმავე წლის 15 თებერვალს გაიმართა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე ათი დღით ადრე.

კრემლის წარმომადგენელმა აღიარა, რომ ახლა რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა „ფაქტობრივად ნულამდეა დაყვანილი“.