Loading data...
პერუს საგარეო უწყების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს მებრძოლი 11 პერუელი დაიღუპა

პერუს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველი ოფიციალური განცხადება გაავრცელა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს მებრძოლი მისი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის არმიაში 459 პერუელი გაიწვიეს, რომელთაგან 11 დაიღუპა, 114 დაკარგულად მიიჩნევა, ხოლო სამი უკრაინულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ პერუს მთავრობას რუსეთის რიგებში მებრძოლი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ გაუვრცელებია.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ კიდევ ოთხი პერუელი დაბრუნდა სამშობლოში. უწყებაში დასძინეს, რომ ისინი უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად იძულებით გაწვევას გაექცნენ და რუსეთში დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

რუსეთიდან სულ პერუს 31 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა, რომელთაგან 28 სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო სამმა ევროპაში დარჩენა ამჯობინა.

ამავდროულად, დიპლომატებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, არ ენდონ ყალბ სამუშაო შეთავაზებებს, რადგან შესაძლოა, ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულებრივ ქსელებში აღმოჩნდნენ ჩართულნი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს შეახსენა, რომ სხვა ქვეყნის ჯარში მსახურებისთვის პერუს მთავრობის ნებართვაა საჭირო.

რუსეთის ჯარში გაწვეული პერუელების ნათესავებმა 4 აგვისტოს რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ ნათესავების, კერძოდ, დაჭრილების დაბრუნებას, ასევე, ინფორმაციას დაკარგულთა ადგილსამყოფლის შესახებ.