პენტაგონის მომავალი ხელმძღვანელი: შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება სურს
პენტაგონის მომავალი ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, შეერთებული შტატების მომავალ ადმინისტრაციას უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ხასიათი ესმის და მისი სწრაფი დასრულების მომხრეა. ამის შესახებ მან სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
სენატორმა ანგუს კინგმა ჰეგსეტს სთხოვა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა.
ჰეგსეტის თქმით, „ საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონეზე, რომელმაც ძალიან ნათლად აჩვენა, რომ სურს ამ კონფლიქტის დასრულება.“
„ჩვენ ვიცით ვინ არის აგრესორი. ჩვენ ვიცით ვინ არის კარგი ბიჭი. ეს ომი უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ჰეგსეტმა.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომავალ თავდაცვის მდივნად პიტ ჰეგსეტი დაასახელა. ჰეგსეტი „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანია.
მანამდე ჰეგსეტი კენჭს იყრიდა მინესოტის შტატში სენატის წევრობისთვის.
ჰეგსეტს სამხედრო სამსახურის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის ავღანეთისა და ერაყის მისიებში მონაწილეობდა.