Loading data...
პენტაგონის ხელმძღვანელმა უკრაინისთვის 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა

შეერთებული შტატები უკრაინისთვის 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებით დახმარებას მალე გამოაცხადებს. ის მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საბრძოლო მასალას Patriot-ისა და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა პენტაგონში უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრის დროს განაცხადა

„აშშ მალე გამოაცხადებს უკრაინისთვის უსაფრთხოების საკითხებში 2,3 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ახალი დახმარების შესახებ. ეს პაკეტი უზრუნველყოფს მეტ საჰაერო თავდაცვას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა კრიტიკულ საბრძოლო მასალას”, - განაცხადა ოსტინმა.

როგორც უკრაინული მედია წერს, ეს განცხადება იყო გადამწყვეტი პასუხი კიევის თხოვნაზე რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთმა მხოლოდ გასულ კვირას უკრაინის ტერიტორიაზე 800-ზე მეტი ძლიერი მართვადი ბომბი ჩამოაგდო. მან დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა, შეემსუბუქებინათ შეზღუდვები დასავლური იარაღის გამოყენებაზე რუსეთში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად. კერძოდ, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას სჭირდება „საჭირო საშუალებები საბრძოლო თვითმფრინავების გასანადგურებლად, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.

ამასთან, ივნისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას, სხვა დახმარებასთან ერთად, HAWK-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩამჭრელ რაკეტებს გადასცემს.