Loading data...
პენტაგონის გენერალური ინსპექტორი: ჰეგსეტის მიმოწერა Signal-ში ამერიკელი სამხედროების უსაფრთხოებას ემუქრებოდა

იემენში დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის შესახებ ინფორმაციამ, რომლის შესახებ Signal-ის ჯგუფურ ჩატში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა დაწერა, ამერიკელ სამხედროებს საფრთხე შეუქმნა. ასეთი დასკვნა პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა გააკეთა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამ საკითხს ჩატში პიტ ჰეგსეტი, აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მაშინდელი მრჩეველი მაიკ უოლტცი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სხვები განიხილავდნენ. ამ ჩატში შემთხვევით ჟურნალისტი, Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი დაამატეს. 24 მარტს მან ამ მიმოწერის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რასაც სკანდალი და გამოძიება მოჰყვა.

გამოძიება, რომელიც 8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მიერ იყო ინიციირებული. CBS-ის ცნობით, სენატის კომიტეტის დასკვნაში წერია, რომ მოწინააღმდეგეს ეს ინფორმაცია რომ წაეკითხა, მისია და ამერიკელი სამხედროები საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ.

პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა დაადგინა, რომ ჰეგსეტი ჩატში თავისი პირადი მოწყობილობით შედიოდა. ის ფაქტი, რომ მინისტრი სამსახურებრივ საქმეებში პირად ელექტრონულ მოწყობილობას იყენებდა, პენტაგონის შიდა წესების დარღვევას ნიშნავს. ასევე აკრძალულია ამ მიზნებისთვის დაუცველი მესენჯერის გამოყენებაც.

პენტაგონში აცხადებენ, რომ პიტ ჰეგსეტს არანაირი საიდუმლო ინფორმაცია არ გაუვრცელებია, ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ანგარიში თავდაცვის მდივანს ბოლომდე ამართლებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც აცხადებს, რომ მინისტრს საიდუმლო ინფორმაცია არ გაუვრცელებია.