პარიზში საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა - სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.
„როიტერის“ ინფორმაციით, აქციები პარიზში, ლილში, რენეში, ნანტში, მარსელსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს. პარიზში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა.
ბასტილიის მოედანზე პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც გზას კეტავდნენ, ხელკეტები გამოიყენა. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
დაპირისპირება მოხდა ქალაქ რენეშიც, სადაც პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
„მობილიზაცია გაგრძელდება, ჩვენ არაფერზე უკან არ ვიხევთ“, - განაცხადა სტუდენტური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერმა რიად რანიმ.
ცნობისთვის, საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მიტინგები სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო.
თავდაპირველად დემონსტრაციებს სკოლის მოსწავლეები მართავდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.