Loading data...
პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაპი ფრანცისკე ვერ უძღვება, რაც მისი პონტიფიკოსობის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

წირვა კარდინალმა ანჯელო კომასტრიმ ჩაატარა, თუმცა პაპი მორწმუნეების წინაშე წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოჩნდა და მათ აღდგომის დადგომა მიულოცა.

ტრადიციული Urbi et Orbi - მიმართვა ქალაქსა და მსოფლიოს - კი, პაპის ნაცვლად, არქიეპისკოპოსმა დიეგო ჯოვანი რაველიმ წაიკითხა.

რომის პაპმა სააღდგომო მიმართვაში მკვეთრად დაგმო ანტისემიტიზმი და ომი ღაზას სექტორში.

„მე გამოვხატავ ჩემს სიახლოვეს პალესტინასა და ისრაელში მყოფი ტანჯული ქრისტიანების მიმართ, ასევე, მთელი ისრაელელი და პალესტინელი ხალხის მიმართ“, - განაცხადა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.

რომის პაპმა „ანტისემიტიზმის მზარდ კლიმატს, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება“, შემაშფოთებელი უწოდა.

როგორც პაპმა აღნიშნა, მისი აზრები ორიენტირებულია ღაზას სექტორში მყოფ ხალხზე, სადაც „მიმდინარე საშინელი კონფლიქტი იწვევს სიკვდილს და ნგრევას, დრამატულ და მიუღებელ ჰუმანიტარულ მდგომარეობას“.

„მივმართავ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, შეწყვიტონ ცეცხლი, გაათავისუფლონ მძევლები და დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც შიმშილით იტანჯებიან და მშვიდობიანი მომავლის მოლოდინში არიან“, - აღნიშნა პაპმა. 

ვატიკანის მეთაურმა იემენში მცხოვრები ადამიანებიც გაიხსენა, რომლებიც ომის გამო ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კრიზისს განიცდიან მსოფლიოში. მან მოუწოდა ძალისხმევას მშვიდობისთვის უკრაინაში, სამხრეთ კავკასიაში, ასევე, აფრიკის ქვეყნებში, კერძოდ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სუდანსა და სამხრეთ სუდანში.

ამასთან, პაპმა ფრანცისკემ პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, მიმართონ ხელმისაწვდომი რესურსები გაჭირვებულთა დასახმარებლად, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლასა და განვითარების ხელშემწყობი ინიციატივების მხარდასაჭერად.