პაპმა ლეო XIV-მ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები დაიწყონ
პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან საშობაო ქადაგების წარმოთქმისას რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები დაიწყონ.
„ვლოცულობთ უკრაინის ტანჯული ხალხისთვის: შეწყდეს იარაღის ღრიალი. და დაე, ჩართულმა მხარეებმა, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, იპოვონ გამბედაობა გულწრფელი, პირდაპირი და პატივისცემით სავსე დიალოგისთვის“, - განაცხადა პაპმა 25 დეკემბერს ტრადიციული საშობაო ქადაგების, Urbi et Orbi-ს („ქალაქისა და მსოფლიოსთვის“), წარმოთქმისას.
მსოფლიოს სხვა რეგიონებზე საუბრისას პაპმა მხარდაჭერა გამოუცხადა ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანებს და მოუწოდა „სამართლიანობას, მშვიდობასა და სტაბილურობას ლიბანისთვის, პალესტინისთვის, ისრაელისა და სირიისთვის“. თავის მიმართვაში პაპმა ასევე ახსენა სუდანში, სამხრეთ სუდანში, მალიში, ბურკინა-ფასოში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ჰაიტიში, მიანმარში, ტაილანდსა და კამბოჯაში მცხოვრები ადამიანების ტანჯვა.