Loading data...
პაპი ლეო XIV - რა არის ცნობილი რომის კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერის შესახებ?

რომის ახალი პაპი, 69 წლის რობერტ პრევოსტი, რომელმაც პაპად არჩევის შემდეგ ლეო XIV-ს სახელი მიიღო, აშშ-დან და საერთოდ, ჩრდილოეთ ამერიკიდან პირველი პონტიფიკოსია. ის დიდი ხნის განმავლობაში პერუში ცხოვრობდა და ამ ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს. BBC რომის ახალი პაპის შესახებ ზოგიერთ დეტალს აქვეყნებს.

როგორც ბრიტანულ გამოცემას, Telegraph-ს ვატიკანში ერთ-ერთმა წყარომ აცნობა, რობერტ პრევოსტი პაპის არჩევნებამდე ფავორიტებს შორის არ იყო. „მან 30 წელი მისიებში გაატარა და ფლობს რამდენიმე ენას. პერუში ყოფნის წლები მას ყველა ამერიკელ კარდინალს შორის ყველაზე „ნაკლებად ამერიკელად“ ხდის, მაგრამ ამერიკა კარგად ესმის და მის მოსახლეობასთან საუბარი შეუძლია და ეს ტრამპის მმართველობის დროს ძალზე მნიშვნელოვანია“, - წერს გამოცემა.

ვატიკანში მომუშავე ჟურნალისტების საიტზე, collegeofcardinalsreport.com-ზე წერია, რომ ლეო XIV-ს შეხედულებები ახლოა რომის წინა პაპის, ფრანცისკეს პოზიციასთან.

რობერტ პრევოსტი ჩიკაგოში 1955 დაიბადა, მაგრამ კარიერის უდიდესი ნაწილი მან პერუში გაატარა. თავიდან ის მისიონერი იყო, ხოლო შემდეგ არქიეპისკოპოსი გახდა.

2015 წელს პრევოსტმა პერუს მოქალაქეობა მიიღო და 2023 წლამდე ქალაქ ჩიკლაიოს ეპარქიას ედგა სათავეში. 2023 წელს კი ფრანცისკემ ის დიკასტერიის უფროსად დანიშნა, ეს ორგანო მთელ მსოფლიოში უმაღლეს საეკლესიო თანამდებობებზე კანდიდატურებს განიხილავს.

Vatican News-სთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში რობერტ პრევოსტი ამბობს, რომ ის დღესაც, საკუთარ თავს მისიონერად აღიქვამს. „ჩემი, როგორც ნებისმიერი ქრისტიანის მოწოდება, არის მისიონერობა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სახარებას უნდა ვქადაგებდეთ“, - ამბობდა მომავალი პაპი. 

მან, ასევე, განაცხადა, რომ ყველა ეპისკოპოსი უნდა იყოს მქადაგებელი და მრევლთან იყოს დაახლოებული და არა მენეჯერი იყოს, რომელიც „სასახლეშია იზოლირებული“. აუცილებლად უნდა იყოს გახსნილი და ხალხთან ურთიერთობა ჰქონდეს.

პრევოსტი, ასევე, ორჯერ გენერალ-პრიორად იყო არჩეული, - ეს ავგუსტინეს ორდენის უმალღესი წოდებაა. ეს რელიგიური საზოგადოება მე-13 საუკუნეში წმინდა ავგუსტინემ დააარსა.

გარდა ამისა, რობერტ პრევოსტი ლათინური ამერიკის საკითხებში რომის პაპის კომისიას ხელმძღვანელობდა. ეს არის რეგიონი, სადაც დღეს ყველაზე მეტი კათოლიკე ცხოვრობს.

არჩევნებამდე არსებობდა მოსაზრება, რომ პრევოსტი პაპის თანამდებობის დასაკავებლად ძალზე ახალგაზრდაა და რომ კარდინალებს არ სურთ, რომ რომის პაპმა ვატიკანი ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მართოს. თუმცა ეს თეორია არ გამართლდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რობერტ პრევოსტს ამ თანამდებობის დაკავება უკვე მიულოცა და განაცხადა, რომ ისტორიაში პირველი პაპი-ამერიკელი შეერთებული შტატებისთვის დიდი პატივია.

ამასთანავე, მედია იხსენებს რობერტ პრევოსტის განცხადებებს, როდესაც ის აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკის ზოგიერთ მიმართულებას აკრიტიკებდა, კერძოდ, მიგრანტებთან დაკავშირებით.

ასე, მაგალითად, 2018 წელს, ანუ დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, პრევოსტმა დაწერა: „არანაირი ქრისტიანული, ამერიკული ან პოლიტიკაში მორალურად გამართლებული არ არის იმაში, რომ ბავშვებს მშობლებს ართმევენ და მათ გალიებში ამწყვდევენ. ეს ჩვენი სახელით კეთდება და ჩვენი დიდი სირცხვილია“.

კიდევ ერთ პოსტში პრევოსტი აშშ-ის ადმინისტრაციას შეკითხვას უსვამდა, თუ რამდენად ხედავს ამერიკის ადმინისტრაცია იმ ტანჯვას, რასაც არალეგალი მიგრანტების მიმართ მათი პოლიტიკა იწვევს.

Nathional Catholic Reporter-ის ცნობით, ახალი პაპი პოლიგლოტია - ის საუბრობს ინგლისურად, ესპანურად, პორტუგალიურად, კითხულობს ლათინურად და გერმანულად.