Loading data...
პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან ერთად, კირ სტარმერი „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავს - The Telegraph

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავს იმ დროს, როდესაც იგი დიდი ბრიტანეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გამოაცხადებს, იტყობინება The Telegraph-ი.

20 სექტემბერს ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტარმერი კვირას, 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე გამოაქვეყნებს განცხადებას, რომლითაც დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის მიერ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებას. ეს ხდება მაშინ, როდესაც საფრანგეთის ხელმძღვანელობით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობას რამდენიმე ქვეყანა კოორდინირებულად აღიარებს. 

როგორც The Telegraph-ი წერს, პარალელურად „ჰამასისთვის“ ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ნაწილობრივ აშშ-ის დამშვიდების მცდელობაა, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება სტარმერის გადაწყვეტილების მიმართ, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო. 

სტარმერმა ივლისში განაცხადა, რომ აღიარებდა პალესტინის სახელმწიფოს, თუ ისრაელი არ გაითვალისწინებდა საერთაშორისო მოწოდებებს და არ გადადგამდა ნაბიჯებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაშვებასთან ერთად.