Loading data...
პაკისტანში, ისლამაბადის შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა - დაღუპულია სულ მცირე 12 ადამიანი

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში პარასკევის ლოცვის დროს შიიტი მუსლიმების მეჩეთში აფეთქება მოხდა. აღნიშნულის შესახებ Deutsche Welle ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.  

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

ინციდენტი დედაქალაქის გარეუბანში, ტერლაის რაიონში მდებარე მეჩეთში მოხდა. 

საინფორმაციო სააგენტო DPA პოლიციის სპიკერ ტარიკ ჯავადზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.  

პოლიციის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, ინციდენტი თვითმკვლელობის ტერორისტული აქტი იყო, თუ დამონტაჟებული ბომბის შედეგი. 

სააგენტო AFP-მ ანონიმურ უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აფეთქების უკან თვითმკვლელი ტერორისტი იდგა.

ცნობისთვის, პაკისტანელთა უმრავლესობა სუნიტი მუსლიმები არიან, ხოლო დაახლოებით 15% შიიტურ უმცირესობას მიეკუთვნება.

ისლამისტურმა დაჯგუფებებმა, როგორებიცაა პაკისტანის თალიბანი და „ისლამური სახელმწიფო“, წარსულშიც განახორციელეს თავდასხმები შიიტებზე. 6 თებერვალს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ კონკრეტულ დაჯგუფებას არ აუღია.