Loading data...
პაკისტანში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

ისლამაბადში ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა უცნობია, მოლაპარაკებები პირისპირ მიმდინარეობს, თუ შუამავლების მეშვეობით. ინფორმაციას CNN-ი ირანის სახელმწიფო მაუწყებელ IRIB-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თუ დადასტურდა, რომ მხარეები პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ეს იქნება ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ყველაზე მაღალი დონის პირისპირ მოლაპარაკებები 1979 წელს ისლამური რესპუბლიკის დაარსების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები მყიფე ცეცხლის შეწყვეტის ფონზე მიმდინარეობს. მხარეები ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე 7 აპრილს შეთანხმდნენ.

ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. მასში ასევე შედიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი.

ირანულ დელეგაციაში კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი შედიან.