პაკისტანმა ირანს მოუწოდა, „ჰუსიტების“ თავდასხმები საუდის არაბეთზე შეაჩეროს
პაკისტანმა ირანს საუდის არაბეთის გაფრთხილება გადასცა, რომ იემენში მოქმედმა ირანის მოკავშირე „ჰუსიტებმა“ სამეფოზე თავდასხმები შეწყვიტონ, - ამის შესახებ Reuters-ს საუდის არაბეთის, პაკისტანისა და ირანის წყაროებმა განუცხადეს.
ჰუსიტებმა 8 სექტემბერს ხამის მუშაიტის ავიაბაზასა და მიმდებარე ქალაქებში ნავთობინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 73 ადამიანი დაშავდა. ეს ირან-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ საუდის არაბეთზე განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად სახელდება.
„ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერმა იაჰია სარიმ განაცხადა, რომ ბოლო 12 საათის განმავლობაში საუდის არაბეთის ავიაციამ იემენის სხვადასხვა პროვინციაზე 54 საჰაერო დარტყმა განახორციელა და აღნიშნა, რომ თავდასხმები „უპასუხოდ და დაუსჯელად არ დარჩება“.
პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთზე თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლოა, ამოქმედდეს ერ-რიადს, ანკარასა და ისლამაბადს შორის არსებული უსაფრთხოების შეთანხმება.
„ერთ ქვეყანაზე აგრესია სამივე ქვეყანაზე აგრესიად ჩაითვლება. არაპროვოცირებული აგრესია ან მისი საუდის არაბეთში გავრცელება აუცილებლად აამოქმედებს ამ შეთანხმებას“, - აღნიშნა ასიფმა პაკისტანის ტელევიზიასთან საუბრისას.