პაკისტანის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 14 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა
ისლამაბადში, პაკისტანის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა, რასაც 14 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC-ს საავადმყოფოს წარმომადგენელმა, დოქტორმა ანეზა ჯალილმა განუცხადა.
ჯალილის თქმით, ერთი ახალშობილის გადარჩენა მოხერხდა.
ხანძარი საავადმყოფოს დედათა და ბავშვთა განყოფილების მესამე სართულზე გაჩნდა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
სამაშველო ჯგუფების ცნობით, დაშავებულები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან გადაყვანილები. მათივე თქმით, იმ დროს პალატაში სულ 15 ახალშობილი იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხელისუფლებას დაავალა, მომხდარზე „გამოძიება დაუყოვნებლივ ჩატარდეს“.
ისლამაბადის რაიონულმა მაგისტრატმა ხანძრის გამომწვევი მიზეზის გამოსაძიებლად ფაქტების დამდგენი კომიტეტი შექმნა, რომელმაც ანგარიში „24 საათის განმავლობაში“ უნდა წარადგინოს.
აღსანიშნავია, რომ პაკისტანის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის საავადმყოფო ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი საჯარო საავადმყოფოა.