1790448825
უცხოეთი
პაკისტანის ქალაქ დერა-ისმაილ-ხანში მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ დერა-ისმაილ-ხანში მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა“ აიღო.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, აფეთქება რაიონის დარაზინდას ზონაში, ამან მელას სიახლოვეს მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო ჯგუფები.
როგორც Reuters-ი წერს, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, ავღანეთთან პაკისტანის სასაზღვრო რეგიონების სიახლოვეს მდებარე დერა-ისმაილ-ხანი არაერთხელ გამხდარა ისლამისტი მებრძოლების მხრიდან ძალადობის სამიზნე. თავდასხმები ხშირად პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებზე ხორციელდება.