პაკისტანის დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის თეირანში ჩავიდა
პაკისტანის არმიის მეთაური თეირანში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა.
აღსანიშნავია, რომ პაკისტანი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს. აღნიშნული დიპლომატიური ნაბიჯი პაკისტანმა მას შემდეგ გადადგა, რაც აშშ-ისა და ირანის ოფიციალურმა პირებმა ისლამაბადში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება განიხილეს. 11-12 აპრილს პაკისტანის დედაქალაქში მხარეებს შორის შეხვედრა გარღვევის გარეშე დასრულდა.
პაკისტანის სამხედრო ძალების ცნობით, დელეგაციაში შედიან ფელდმარშალი ასიმ მუნირი, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების სხვა მაღალი თანამდებობის პირები. სამხედროების თქმით, ჯგუფი მიმდინარე შუამავლობის ძალისხმევის ფარგლებში მოქმედებს.
ამასობაში პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი რეგიონული საკითხების განსახილველად ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა. შარიფის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას ჯიდას აეროპორტში საუდის არაბეთის მაღალჩინოსნები დახვდნენ.
შარიფს თან ახლავს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი და ინფორმაციის მინისტრი.