Loading data...
Ozon-ის ლოგისტიკურ ობიექტებზე ორენბურგსა და უფაში დრონებით იერიშები განხორციელდა

რუსეთის ქალაქებში, ორენბურგსა და უფაში კომპანია Ozon-ის ლოგისტიკურ ობიექტებზე საჰაერო იერიშები განხორციელდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„ობიექტიდან თანამშრომელთა ევაკუაცია ოპერატიულად მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. აალებას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადეს Ozon-ში. მათივე ცნობით, ორენბურგის ობიექტმა მუშაობა განაახლა.

რაც შეეხება უფაში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრს, მან უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. ამ ობიექტიდან საქონლის სხვაგან გადამისამართება ხდება.

როგორც ორენბურგის ოლქის გუბერნატორმა, ევგენი სოლნცევმა „ტელეგრამში“ დაწერა, რეგიონის აეროპორტებში გეგმა „ხალიჩა“ იყო გამოცხადებული და მათ დროებით მუშაობა შეაჩერეს. ამ ეტაპზე ორსკისა და ორენბურგის აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ცნობისთვის, პირველად კომპანია Ozon-ის მსხვილი ობიექტი უკრაინულმა დრონებმა 22 აგვისტოს დააზიანეს. დარტყმა სამარის ოლქის დასახლება ჩაპაევსკში მდებარე ობიექტზე განხორციელდა.