ოსტინმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებს გადასცემს
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას, რუსული არმიის ტაქტიკის ცვლილების გამო, ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებს გადასცემს. ამის შესახებ The Guardian-ი Associated Press-ზე დაყრდნობით წერს.
ოსტინის თქმით, ახლა ბრძოლის ველზე მოძრაობას სწორედ რუსეთის სახმელეთო ძალები ხელმძღვანელობენ, ამიტომ უკრაინას „სჭირდება ისეთი რამ, რაც რუსების ამ ძალისხმევის შენელებას შეუწყობს ხელს“.
„ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ, როდის მოხდება მათი [ნაღმების] თვითგააქტიურება, თვითაფეთქება და ეს მათ ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის გრძელვადიან პერსპექტივაში”, - განაცხადა ოსტინმა.
ცნობისთვის, მანამდე The Washington Post-ი წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზე თანხმობა განაცხადა. აღინიშნა, რომ ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის შეტევის შეკავებაში უნდა დაეხმაროს.