Loading data...
ორბანმა ზელენსკის განცხადებებისა და უნგრეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო, უკრაინის ელჩის გამოძახების ბრძანება გასცა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინა უნგრეთზე თავდასხმაში და საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა და ბუდაპეშტში უკრაინის ელჩი შეხვედრაზე გამოიძახა. ამის შესახებ ორბანმა საკუთარ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, გასულ კვირას უკრაინელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და თავად უკრაინის პრეზიდენტმაც კი „უნგრეთისა და უნგრეთის მთავრობის მიმართ უხეში შეურაცხყოფა და მუქარა გამოთქვეს“.

„ჩვენმა ეროვნული უსაფრთხოების ორგანოებმა გააანალიზეს უკრაინის მიერ განხორციელებული ეს უკანასკნელი თავდასხმა და დაასკვნეს, რომ ეს მოვლენები უკრაინის მიერ უნგრეთის არჩევნებში ჩარევისკენ მიმართული კოორდინირებული ზომების სერიის ნაწილია, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ვინმემ საფრთხე შეუქმნას უნგრეთის სუვერენიტეტს, ან უნგრეთის არჩევნების მთლიანობას“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამიტომ, ორბანმა აღნიშნა, რომ დღეს მან საგარეო საქმეთა მინისტრს პიტერ სიიარტოს დაავალა, მიიწვიოს თავისთან უკრაინის ელჩი უნგრეთში. „ჩვენ დავიცავთ უნგრეთის სუვერენიტეტსა და ინტერესებს“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.