Loading data...
ორბანმა უკრაინაში ვიზიტით მყოფ უნგრულ დელეგაციას მოუწოდა, დაზიანებული „დრუჟბას“ ნავთობსადენი მოინახულონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს გაბორ ჩეპეკს, რომელიც 11 მარტს დელეგაციასთან ერთად უკრაინაში ჩავიდა, მოუწოდა, უკრაინელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრა მოაწყოს, ან „დრუჟბას“ ნავთობსადენის დაზიანების ადგილი დაათვალიეროს. ამის შესახებ ორბანმა ჩეპეკთან ვიდეოზარის დროს განაცხადა, რომელიც საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

საუბარში ორბანმა ენერგეტიკის მინისტრს მითითებები მისცა და მოუწოდა, მუდმივად შეახსენოს უკრაინულ მხარეს საკუთარი თავი და „იყოს თავაზიანი“. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს, რომ უნგრელებს უკრაინასთან „შეთანხმების მიღწევა სურთ“.

„ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, თუ რაზე გვინდოდა მათთან მოლაპარაკება. გვინდოდა, გვენახა. გვინდოდა სიტუაციის მათთან ერთად მოგვარება. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს, არამედ გამოსავალს და გვინდა, რომ მათ ამაში დავეხმაროთ“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ორბანმა მოუწოდა დელეგაციას, დაზიანებული მილსადენი მოინახულონ უკრაინელებთან შეთანხმების გზით, ან „მაღალი რანგის საელჩოს მეშვეობით“.

საპასუხოდ ჩეპეკმა აღნიშნა, რომ დელეგაციას აქვს პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა, რადგან ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ აშშ-ის წარმომადგენლებთან და ევროკავშირის დიპლომატებთან.

ამავდროულად, ორბანმა საუბარში ხუმრობით თქვა, რომ „მოლაპარაკებები ყველასთან შეიძლება წარიმართოს, უკრაინელების გარდა“.