Loading data...
ორბანმა ევროკავშირს „დრუჟბას“ მილსადენის დაზიანების გადამოწმებისკენ მოუწოდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინაში „დრუჟბას“ ნავთობსადენის დაზიანების შესაფასებლად ევროკავშირს „ფაქტების დამდგენი მისიის“ მოწვევა სთხოვა და აღნიშნა, რომ ამან შესაძლოა, უკრაინისთვის ევროკავშირის ახალი დაფინანსების განბლოკვას ხელი შეუწყოს, ნათქვამია წერილში, რომელიც Reuters-მა ნახა. 

„უნგრეთი მხარს უჭერს ფაქტების დამდგენი მისიის იდეას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ დელეგირებული ექსპერტები, რათა გადაამოწმონ „დრუჟბას“ მილსადენის სტატუსი“, - ნათქვამია ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთვის გაგზავნილ წერილში. 

ორბანის თქმით, მას ესმის პოლიტიკური სირთულეები, რომლებიც გამოწვეულია ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის მასიური სესხის გაცემის გადადებით. 

„ჩემი ინიციატივა ასევე მიზნად ისახავს ამ საკითხის ვადებში გადაჭრის ხელშეწყობას“, - ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, უნგრეთმა ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები და უკრაინისთვის სესხის გაცემა დაბლოკა, რის მიზეზადაც „დრუჟბას“ გავლით ნავთობის ნაკადის შეჩერება დაასახელა. უკრაინა აცხადებს, რომ იანვრის ბოლოს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზიანებული მილსადენი ჯერ კიდევ არ არის შეკეთებული.