ორბანმა დაასახელა ორი მიზეზი, რის გამოც უნგრეთი ევროკავშირს არ ტოვებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ორი მიზეზი დაასახელა, თუ რატომ არ ტოვებს უნგრეთი ევროკავშირს. ამის შესახებ ორბანმა GB News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, პირველი მიზეზი ის არის, რომ უნგრეთი კულტურულად, ფილოსოფიურად და ისტორიულად ყოველთვის დასავლეთს ეკუთვნოდა.
„ჩვენ ევროპის რომაულ-ქრისტიანულ ტრადიციას ვეკუთვნით და არა სამხრეთში გავრცელებულ მართლმადიდებლურ, ან მუსლიმურ ტრადიციებს. ამიტომ უნგრელებისთვის ევროკავშირის წევრობა, სულ მცირე, ნაწილობრივ, იმ ცივილიზაციის საკითხია, რომელსაც ისინი ეკუთვნიან“, - განაცხადა ორბანმა.
მეორე მიდგომა, განმარტა ორბანმა, უფრო პრაგმატულია და ეკონომიკასთან არის დაკავშირებული.
„იცით, ეს არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობა 10 მილიონია. პირველი მსოფლიო ომის შედეგად ჩვენი ტერიტორიები დავკარგეთ. ჩვენ არ გვაქვს ენერგიის წყაროები, ნედლეული. სწორედ ამიტომ სიკვდილით დასჯა მოგვისაჯეს. მაგრამ გადავრჩით. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მუშახელი, ამ მუშახელის მიერ შექმნილი პროდუქტები, ჩვენ გვჭირდება ბაზრები. ევროკავშირი კი ბაზრებს ნიშნავს“, - განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი უნგრეთისთვის ღირებულება არ არის, რადგან „იმ მიმართულებას, რომლითაც ევროკავშირი ღირებულებების თვალსაზრისით მოძრაობს, არაფერი აქვს საერთო იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ჩვენ ვაღიარებთ“.