Loading data...
ორბანის თქმით, უნგრეთმა ვაშინგტონთან „ფინანსური ფარის“ შესახებ შეთანხმებას მიაღწია

უნგრეთმა ვაშინგტონთან „ფინანსური ფარის“ შესახებ შეთანხმებას მიაღწია, რათა დაიცვას თავისი ეკონომიკა და საჯარო ფინანსები, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ.

ორბანი თეთრ სახლში ტრამპს 7 ნოემბერს ეწვია, რათა აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება მოეთხოვა, რითაც სანქციებისგან უნგრეთის ერთწლიანი გათავისუფლება უზრუნველყო.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, უნგრეთმა ასევე აიღო ვალდებულება, შეიძინოს ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირი დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტებით.

„მე ასევე მივაღწიე შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტთან ფინანსური ფარის შესახებ. უნგრეთის, ან მისი ფინანსური სისტემის წინააღმდეგ რაიმე გარე თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკელებმა პირობა დადეს, რომ ასეთ შემთხვევაში უნგრეთის ფინანსურ სტაბილურობას დაიცავენ“, - განუცხადა ორბანმა ჟურნალისტებს მოლაპარაკებებიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ რას ითვალისწინებს ტრამპთან შეთანხმება. თუმცა, მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ უნგრეთს დაფინანსების პრობლემები არ შეექმნება.

„ის, რომ უნგრეთზე, ან მის ვალუტაზე შეიძლება თავდასხმა განხორციელდეს, ან რომ უნგრეთის ბიუჯეტი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ან რომ უნგრეთის ეკონომიკა დაფინანსების მხრივ დაიხრჩოს, ეს დავიწყებული უნდა იყოს“, - დასძინა ორბანმა.

ცნობისთვის, უნგრეთმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ მან რუსული ნავთობისა და გაზის გამოყენებასთან დაკავშირებით აშშ-ის სანქციებისგან განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლება მიიღო, თუმცა თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ გათავისუფლება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.