Loading data...
ორბანი: ზელენსკი აგრძელებს „დრუჟბას“ მილსადენის ჩაკეტვას, უნგრეთი არ იქნება უკრაინის კოლონია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა მე-19 დღეა, აგრძელებს უნგრეთის შანტაჟს „დრუჟბას“ ნავთობსადენის მუშაობის არგანახლებით, თუმცა 15 მარტს დაგეგმილ მშვიდობის მარშზე უნგრელებს შეუძლიათ, ერთობლივად გაუგზავნონ მესიჯი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ მან Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„პრეზიდენტი ზელენსკი აგრძელებს მილსადენის ჩაკეტვას, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის. ჩვენი ექსპერტები კიევში რამდენიმე დღეა, იმყოფებიან, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ მიეცათ მილსადენზე წვდომის უფლება“, - განაცხადა ორბანმა.

ამავდროულად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო აშკარად ვერ ახერხებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტით გამოწვეული ნავთობის კრიზისის დაძლევას და რომ მხოლოდ იაფ რუსულ ნავთობს შეუძლია ამის მოგვარება, თუმცა ბრიუსელი ამას კვლავ უარყოფს.

„ამერიკელებმა უკვე მიიღეს ზომები და დაიწყეს სანქციების მოხსნა. თუმცა ბრიუსელში ისტერია ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა. ევროკომისია და გერმანიის კანცლერი რუსულ ნავთობზე შეზღუდვებს ინარჩუნებენ“, - განაცხადა მან.

ორბანმა ასევე ისაუბრა კვირას, 15 მარტს, დაგეგმილ მშვიდობის მარშზე და ყველას მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ხვალ მშვიდობის მარშია. ყველას ვთხოვ, ჩვენთან ერთად მოვიდნენ. მოდით, წინ აღვუდგეთ უკრაინის შანტაჟს. უნგრეთი არ იქნება უკრაინის კოლონია და ზელენსკი აქ ბრძანებებს ვერ გასცემს“, - განაცხადა ორბანმა.