Loading data...
ორბანი: ვხედავ, ბრიუსელი ომისთვის ემზადება, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ

ვხედავ, ბრიუსელი ომისთვის ემზადება, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთი მშვიდობის მხარეს დარჩება, თუნდაც ევროპა ომში ჩაებას.

„რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება. ეს სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. ახლა სასაცილოდ ჟღერს, რომ ბრიუსელიდან აპირებენ, მესიჯები გაუგზავნონ ყველა ევროპულ ოჯახს, საკვების 72-საათიანი მარაგი შეიძინონ, მაგრამ სხვა მხრიდან თუ შეხედავთ, საშიშია, თუ რა შეიძლება იყოს ამ ადამიანების გონებაში, აპირებენ რამეს? დღევანდელი მდგომარეობით, ვერ ვხედავ, რომ ევროპას ომი ემუქრებოდეს. ასე რომ, როგორც ჩანს, ბრიუსელს ომის გაგრძელება სურს, რომელშიც თავიდანვე ჩაერთო უკრაინის მხარდაჭერით, მაშინ როდესაც უნგრეთმა თავი აარიდა ამას.

ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ, არ ვაწვდით იარაღს, მაგრამ არსებობენ ქვეყნები ევროკავშირში – და მე ვხედავ ბრიუსელს მათ ადვოკატად – რომლებსაც სურთ შორს წასვლა ამ ომში. ვხედავ, რომ ისინი საუბრობენ სამშვიდობო ძალებზე, ჯარისკაცებსა და ასე შემდეგ. მიმაჩნია, რომ არსებობს პოლიტიკური მზადება ომში უფრო ღრმა მონაწილეობისთვის იმ სიახლეებით, რომლებზეც ვსაუბრობთ, რომ თითოეულ ოჯახს უნდა ჰქონდეს 72-საათიანი სურსათის მარაგი. მსურს, უნგრულ ოჯახებს შევატყობინო, რომ მათ არ სჭირდებათ რაიმე გამორჩეული მოქმედება. ომის საფრთხე არ არსებობს, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ, ჩვენ დავრჩებით მშვიდობის მხარეს, თუნდაც ევროპა ჩაებას ომში“, – განაცხადა ორბანმა.