Loading data...
ორბანი: ვაშინგტონში მივდივართ, რათა პრეზიდენტ ტრამპთან ერთად უნგრეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ახალი თავი დავიწყოთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით გაემგზავრა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. შესაბამისი განცხადება ორბანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. 

„ამერიკა, მოვდივართ“, - დაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ორბანმა პოსტს დაურთო თვითმფრინავში გადაღებული ფოტო, რომელზეც უნგრეთის დელეგაციის ნაწილია გამოსახული.

გამგზავრებამდე ორბანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელახლა არჩევამ უნგრეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ახალი პერსპექტივები გახსნა.

„წლევანდელი წლის პირველი ათი თვე იყო პირველი ეტაპი, რომლის დროსაც ჩვენ გამოვასწორეთ ყველაფერი, რამაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უნგრეთს და უნგრეთ-აშშ-ის ურთიერთობებს ზიანი მიაყენა“, - აღნიშნა მან.

„დღეს ჩვენ ვაშინგტონში მივდივართ, რათა პრეზიდენტ ტრამპთან ერთად უნგრეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ახალი თავი დავიწყოთ. ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, რომელიც მოიცავს ენერგეტიკულ ურთიერთობებს, ინვესტიციებს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მშვიდობის შესახებ კონსულტაციებს. ჩვენ ვმუშაობთ შეთანხმებაზე, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ სარგებელზე და ყველა უნგრელის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ორბანმა.