ორბანი: რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ომი უკრაინაში 2025 წელს დასრულდება, - ამის შესახებ RBC-Ukraine Magyar Nemzet-ზე დაყრდნობით იუწყება.
„ომი 2025 წელს დასრულდება. იგი ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.
ორბანის თქმით, ეს წელი იქნება „გარდამტეხი მომენტი“ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოსთვის, რომელიც შეძლებს მშვიდობის აღდგენას და ასევე, შეძლებს ეკონომიკურ ზრდას დაუბრუნდეს.
„ომის პოლიტიკის ნაცვლად, მშვიდობიანი წლების პოლიტიკა დაბრუნდება და ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება დიდი ეკონომიკური წარმატება“, - განაცხადა მან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკამ და ევროპამ დაახლოებით 300 მილიარდი ევრო დახარჯეს მიმდინარე ომზე.
„ამ ფულის ევროპაში ცხოვრების დონის სწრაფი ზრდისთვის გამოყენება შეიძლებოდა. შეგვეძლო მთელი ბალკანეთი ევროპის განვითარების დონემდე მიგვეყვანა. მიგრაციის შეზღუდვა შეგვეძლო, ევროპის სრულიად ახალი თავდაცვის სისტემის შექმნა შეგვეძლო“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი აზრით, უკრაინის ეკონომიკური შესაძლებლობების აღდგენა უახლოეს წლებში, სავარაუდოდ, „ნაკლებად სავარაუდოა“.