ორბანი ოპონენტებზე: ისინი უცხოურ სადაზვერვო სამსახურებთან ერთად შეთქმულებას აწყობენ, ჩვენს მხარდამჭერებს ძალადობით ემუქრებიან და უკვე ყვირიან გაყალბებაზე, არჩევნების ჩატარებამდეც კი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოქალაქეებს მოუწოდა, ხმა მისცენ მის პარტია „ფიდესს“ და განაცხადა, რომ მისი ოპონენტები „ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით არაფერზე იტყვიან უარს“. ამის შესახებ მან Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ამ კვირას ჩვენ არა მხოლოდ მთავრობას ავირჩევთ, არამედ ჩვენი ქვეყნის ბედსაც გადავწყვეტთ“, - განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე თავისი მიღწევების შესახებ ისაუბრა, მათ შორის, არალეგალური მიგრაციის დასრულებასა და იმ ფაქტზე, რომ მას „შეუძლია, ომზე უარი თქვას“.
„ჩვენ შევამცირეთ კომუნალური გადასახადები და დავიცავით უნგრელი ოჯახები საწვავის ფასების მკვეთრი ზრდისგან. ჩვენ ავაშენეთ ღობე და ბოლო მოვუღეთ არალეგალურ მიგრაციას და ჩვენ შევძელით, ომზე უარი გვეთქვა, თუნდაც ეს ბრიუსელის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდეს. ეს ყველაფერი ჩვენი საერთო მიღწევაა“, - აღნიშნა მან.
ორბანის თქმით, ახლა „ყველაფრის დაკარგვის საფრთხე არსებობს“ და მისი ოპონენტები „ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით არაფერზე იტყვიან უარს“.
„ისინი უცხოურ სადაზვერვო სამსახურებთან ერთად შეთქმულებას აწყობენ, ჩვენს მხარდამჭერებს ძალადობით ემუქრებიან და უკვე ყვირიან არჩევნების გაყალბებაზე, შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე, არჩევნების ჩატარებამდეც კი. ისინი აწყობენ საპროტესტო აქციებსა და არეულობებს ახლაც კი, სანამ თქვენი ხმები დაითვლება“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ეს არის „ორგანიზებული მცდელობა, ქაოსის, ზეწოლისა და საერთაშორისო ცილისწამების კამპანიების გზით უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენონ“.
ამასთან დაკავშირებით, ორბანმა მოსახლეობას მოუწოდა, 12 აპრილს დაგეგმილ არჩევნებში მის პარტიას მისცენ ხმა.