ორბანი: ლიბერალური მსოფლიო წესრიგი იშლება, ტრამპის არჩევა მისთვის სასიკვდილო დარტყმა გახდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრელებს მოუწოდა, 2026 წლის არჩევნებში ხმა მისცენ მის პარტიას, რათა ქვეყანა ომში არ აღმოჩნდეს ჩათრეული.
„წლის პირველ დღეებში ჩვენ მნიშვნელოვანი შეხსენება მივიღეთ, რომ ლიბერალური მსოფლიო წესრიგი იშლება. პრეზიდენტ ტრამპის არჩევა მისთვის საბედისწერო დარტყმა იყო“, - წერს ორბანი და როგორც ჩანს, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე მიანიშნებს.
მან დასძინა, რომ ახალი სამყარო ჯერ კიდევ „ყალიბდება“ და შესაბამისად, უნგრელებს „უფრო არასტაბილური, არაპროგნოზირებადი და სახიფათო წლები“ ელით.
„ამ ვითარებაში უნგრელმა ხალხმა აპრილში გზა უნდა აირჩიოს. ერთი გზა ბრიუსელის ჩიხისკენ მიდის. მას „ტისა“ (ოპოზიციური პარტია) წარმოადგენს. მხარზე რამდენიმე წამორტყმისა და იმუნიტეტის სანაცვლოდ, ისინი ბრიუსელთან გარიგებებს დათანხმდებიან და მათ ყველა მოთხოვნას შეასრულებენ. ისინი იტყვიან „დიახ“ ომზე, უკრაინის დაფინანსებაზე, მიგრანტების ჩასახლებასა და გენდერულ პროპაგანდაზე“, - განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, სამაგიეროდ, მისი პარტია „ფიდესი“ უნგრელებს მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მიმავალ გზას სთავაზობს.
„ჩვენ არ გვინდა უნგრელი ახალგაზრდების ფრონტზე გაგზავნა და არ გვინდა ქვეყნისა და უნგრეთის ეკონომიკის განადგურება. ჩვენ გვაქვს გეგმა და განზრახვა, რომ უნგრეთი ჩვენ წინაშე არსებული ისტორიული ეპოქის გამარჯვებულად ვაქციოთ. ამისთვის ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ომს მიღმა უნდა დავრჩეთ. ამისათვის ჩვენ ვთხოვთ უნგრელ ხალხს, მოგვცენ ძალაუფლება 2026 წელს“, - დასძინა ორბანმა.