Loading data...
ორბანი: ევროკომისია უკრაინაში ომის გასაგრძელებლად სისტემატურად არღვევს ევროპულ კანონმდებლობას, იმ ომის, რომელშიც გამარჯვება შეუძლებელია

დღეს ბრიუსელელები რუბიკონს კვეთენ. შუადღისას გაიმართება წერილობითი კენჭისყრა, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. კენჭისყრის თემაა გაყინული რუსული აქტივები, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ბრიუსელელები კვეთენ რუბიკონს. შუადღით გაიმართება წერილობითი კენჭისყრა, რომელიც ევროკავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. კენჭისყრის საგანია გაყინული რუსული აქტივები, რაზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აქამდე ყოველ ექვს თვეში აძლევდნენ ხმას და ერთსულოვან გადაწყვეტილებას იღებდნენ.

დღევანდელი პროცედურით, ბრიუსელელები, კალმის ერთი მოსმით, აუქმებენ ერთსულოვნების მოთხოვნას, რაც აშკარად უკანონოა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირში კანონის უზენაესობა მთავრდება და ევროპის ლიდერები საკუთარ თავს წესებზე მაღლა აყენებენ.

ევროკავშირის ხელშეკრულებების დაცვის ნაცვლად, ევროკომისია სისტემატურად არღვევს ევროპულ კანონმდებლობას. ის ამას აკეთებს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად, ომის, რომელშიც გამარჯვება აშკარად შეუძლებელია. ეს ყველაფერი ხდება დღის სინათლეზე, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმღები ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს, რომელიც სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურებს აერთიანებს - ევროპული საბჭოს შეხვედრამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება“, - წერს ორბანი.

ორბანის თქმით, უნგრეთი აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას და კანონიერი წესების აღსადგენად იმოქმედებს.

„ევროკავშირში ამით კანონის უზენაესობას ბიუროკრატების მმართველობა ცვლის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრიუსელის დიქტატურა დამყარდა. უნგრეთი აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას და ყველაფერს გააკეთებს კანონიერი წესრიგის აღსადგენად“, - აღნიშნავს უნგრეთის ლიდერი.