Loading data...
ორბანი: დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დასავლეთის სამყარო უკეთეს ადგილად იქცა, ქრისტიანობა სიამაყით დაბრუნდა, როგორც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი და მამოძრავებელი ძალა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლის დროს, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების საკითხს შეეხო.

როგორც უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნება იყო მსოფლიოს პატრიოტული ძალების შესანიშნავი გამარჯვება.

„ერთი წლის წინ ვიზეიმეთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვება. ეს იყო მსოფლიოს პატრიოტული ძალების შესანიშნავი გამარჯვება. დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დასავლეთის სამყარო უკეთეს ადგილად იქცა. გაქრა გენდერული პროპაგანდა და „ვოუქიზმი“. ქრისტიანობა სიამაყით დაბრუნდა, როგორც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი და მამოძრავებელი ძალა.

დაბრუნდა ის ჭეშმარიტება, რომ დედა არის ქალი და მამა არის კაცი და რომ ოჯახი ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. პროგრესული ცენზურა დასრულებულია. ჩვენ არ გვსურს არანაირი მიგრაცია. ასევე შევამცირეთ მწვანე სიგიჟე, მსოფლიოს დაცვა შესაძლებელია ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. ეს ცვლილებები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამსახურებაა.

ჩვენ, უნგრელები პრეზიდენტ ტრამპის მადლიერები ვართ, სხვადასხვა მიზეზის გამო. მსუსხავი დემოკრატიული მმართველობის წლების შემდეგ, ამერიკისა და უნგრეთის ურთიერთობები ახლა ახალ ოქროს ხანას გადის. ჩვენ კვლავ შეგვიძლია აშშ-ში უვიზო მიმოსვლა, გაფორმდა სტრატეგიული შეთანხმებები ენერგოსექტორში. უნგრეთში არაერთი ამერიკული ინვესტიციაც შეთანხმდა“, - განაცხადა ორბანმა.